ირაკლი კობახიძე - ორი დღით ადრე როცა აანონსებ, არის მაღალი რისკი, რომ აქცია წარმატებით ვერ შედგეს, აპრიორი წარუმატებელ აქციაში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელი იქნება, თუმცა ვიმსჯელებთ
ირაკლი კობახიძე - ორი დღით ადრე როცა აანონსებ, არის მაღალი რისკი, რომ აქცია წარმატებით ვერ შედგეს, აპრიორი წარუმატებელ აქციაში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელი იქნება, თუმცა ვიმსჯელებთ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 16 ივნისის შეკრებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციები გაევლო მმართველ პარტიასთან.

კობახიძის თქმით, როცა ორი დღით ადრე ანონსდება აქცია, არის მაღალი რისკი, რომ აქცია წარმატებით ვერ შედგეს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმსჯელებენ, მიიღებს თუ არა მმართველი გუნდი ამ შეკრებაში მონაწილეობას.

„ჩვენ გვაქვს ბევრად დიდი გამოცდილება აქციებთან მიმართებით და ვიცით, როგორ არის უკეთ შესაძლებელი ადამიანების მობილიზება აქციის გარშემო. ასეთ დროს, როდესაც პრაქტიკულდ ორი დღით ადრე აანონსებ აქციას, არის მაღალი რისკი იმისა, რომ აქცია წარმატებით ვერ შედგეს. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, წინასწარ გაევლო კონსულტაციები მას მმართველ პარტიასთან. ეს არ მოხდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე გვექნება მსჯელობა. აპრიორი წარუმატებელ აქციაში ჩვენთვის მონაწილეობა იქნება მიუღებელი, თუმცა ვნახოთ, ვიმსჯელებთ ყველაფერთან დაკავშირებით. ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება არის ისეთი თემა, სადაც აქციას რომ აორგანიზებ, უნდა გქონდეს გარანტია, რომ შეიკრიბება სულ მცირე ასი ათასი ადამიანი. ორი დღით ადრე ამას როცა აკეთებ ყოველგვარი მომზადების გარეშე, ბუნებრივია, ამის გარანტია ვერ გექნება. რა თქმა უნდა, წარუმატებელი აქცია იქნება კონტრპროდუქტიული შედეგის მიღწევის თვალსაზრისით. ამიტომ ყველაფერზე გვექნება მსჯელობა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.