ირაკლი კობახიძე - ოპტიმისტურად ვართ განწყობილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, აშკარად მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება, ოლივერ ვარჰეის განცხადებაც ამის გამოხატულებაა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს და ოლივერ ვარჰეის განცხადებაც ამაზე მიუთითებს.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, აშკარად მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება და, ვფიქრობთ, რომ ოლივერ ვარჰეის ეს განცხადებაც არის ამის გამოხატულება. ვფიქრობთ, დეკემბერში იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და ჩვენს ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია გააგრძელებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებას, თუმცა იმედი აქვს, რომ, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს ასეთი ქმედებები ხელს არ შეუშლის სამართლიან გადაწყვეტილებას.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ვფიქრობ, ძალიან მაღალი ალბათობით ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, აშკარად მწიფდება ასეთი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია გააგრძელებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებას, თუმცა იმედი მაქვს, რომ წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, ასეთი ქმედებები ხელს არ შეუშლის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. მგონია, რომ წელს მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული, საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და მიიღებს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“.