ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერ დეპუტატებს შეეძლებათ, შექმნან როგორც ფრაქციები, ასევე პოლიტიკური ჯგუფები, მომზადებული კანონპროექტი ოპოზიციისთვის კოორდინაციის უკეთესი შესაძლებლობების მიცემას ემსახურება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ოპოზიციისთვის კოორდინაციის უკეთესი შესაძლებლობების მიცემას ემსახურება.
„ოპოზიციური პარტიების დაშლამ მათთვის გარკვეული სირთულეები შექმნა. კერძოდ, საპარლამენტო საქმიანობის ორგანიზების კუთხით. მაგალითად, სამადაშვილი შევიდა ერთ ფრაქციაში, მეორე ბლოკის წევრს სხვა ფრაქციაში უნდა. ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდიდა კონკრეტული ფრაქციების ჩამოყალიბებას და ჩვენ სწორედ ამას ვაადვილებთ ოპოზიციური პარტიებისთვის. მათ შეეძლებათ, შექმნან როგორც ფრაქციები, ასევე პოლიტიკური ჯგუფები. ოპოზიციისთვის კოორდინაციის უკეთესი შესაძლებლობების მიცემას ემსახურება ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება. კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ დეპუტატს უფლება ექნება, გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტიის წევრობა. ასევე, განისაზღვრება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხებიც. კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ ოთხ წევრს შეეძლება, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას.