ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა სავარაუდოდ ხვალაც შედგება, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს პოლიტიკურ მხარეებს შორის საინტერესო შეხვედრა შედგა, რომელზეც სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
კობახიძე შეხვედრის დეტალებზე ვერ საუბრობს. ირაკლი კობახიძის თქმით, მადლობას უხდის ელჩებს, რომლებიც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. კობახიძე ვარაუდობს, რომ შეხვედრა ხვალაც გაიმართება.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ, დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ იქედან გამომდინარე, რომ შეთანხმებული ვართ ასეთ პირობაზე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ელჩებს, რომლებიც ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეს პროცესი გაგრძელდება, შეხვედრა სავარაუდოდ ხვალაც შედგება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში შეთანხმებით დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.