ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს კამერების ჩანაწერების ნახვაზე, გადათვლასა და დებატებზე, უნდა გადადგეს ის, ვინც უარს ამბობს, არა ის, ვის მიმართაც ასეთ საკითხებს აყენებენ
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა თანამდებობის პირის გადაყენების საკითხი ისმევა, უნდა დაამტკიცონ, იყო თუ არა არსებითი ხარვეზები აღნიშნული პირის საქმიანობაში.
ამ კომენტარით ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას ეხებოდა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ფორმატში ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, ასევე უარი თქვეს მმართველი პარტიის სხვადასხვა შეთავაზებაზე, მათ შორის შედეგების გადათვლასა და კამერების გაშიფვრაზე.
„როცა ეს საკითხი ისმევა, ადამიანმა უნდა დაამტკიცოს, იყო თუ არა არსებითი ხარვეზები რომელიმე თანამდებობის პირის საქმიანობაში. მტკიცებულებები მოიტანონ. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს სხვადასხვა ფორმატში. დებატები შევთავაზე და უარი თქვეს, კამერების გაშიფვრა შევთავაზეთ, უარი თქვეს, გადათვლაზე უარი თქვეს. არანაირი არგუმენტი არ აქვთ. ვინც უარს ამბობს, ის უნდა გადადგეს და არა ის, ვის მიმართაც ასეთ საკითხებს აყენებენ. რატომ თქვეს უარი კამერების ნახვაზე, გადათვლაზე, დებატებზე? – ჰკითხეთ, პასუხი არ არის. რა უნდა გვიპასუხონ, უარი თქვეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.