ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინეს, დამარცხებასაც ღირსეული დახვედრა სჭირდება
მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის ქმედებები მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს.
კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია მარცხს ღირსეულად ვერ შეხვდა.
„რაც შეეხება ოპიზიციას, დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა და გუშინ მათ გამოავლინეს ის, რომ დამარცხებას ღირსეულად ვერ დახვდნენ. თქვენ ნახეთ, როგორ არასწორად იქცეოდა ორი პარტიის კომისიის წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორ იქცეოდნენ ისინი ცესკო-ს თავმჯდომარის წინაშე. ეს არ აჩვენებს მაღალ პოლიტიკურ კულტურას, ისევე როგორც ის ქმედებები, რაც ჩვენ ვიხილეთ ცესკო-ს შენობის წინ.
ანუ, დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინეს ამ შემთხვევაში იპოზიციის წარმომადგენლებმა. მათ უნდა მიიღონ მარცხი ისე როგორც შეშვენის ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტს, მაგრამ როდესაც ღირსებაზე ვსაუბრობთ, ეს ფენომენი ამ პოლიტიკური სუბიექტისგან ცოტა შორს არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.28%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26.57%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.79% აქვს.
3 233 უბნის მონაცემების მიხედვით, ხმების პროცენტული გადანაწილება სხვა პარტიებზე ასეთია: „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.18% (50 564 ხმა); „ლელო“ – 3.25% (51 619 ხმა); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% (50 087 ხმა); „გირჩი“ – 3.03 % (48 217 ხმა); „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (21 918 ხმა) – 1.38%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (15 966 ხმა). დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.