ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ულტიმატუმების ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, მეორე ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული ულტიმატუმებითაც გამოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი სახელმწიფოს წაგებაა.
კობახიძე განმარტავს, რომ ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს. კერძოდ, ირაკლი კობახიძის თქმით, ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ხოლო მეორე ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.
„მოგებულზე და წაგებულზეც არის საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ ამ ხალხის, პირველ რიგში სააკაშვილის, ბოკერიასი და სხვების მიზანი არის ის, რომ წააგოს სახელმწიფომ, მათ შორის კონკრეტული ულტიმატუმებითაც გამოჩნდა ის, რომ სახელმწიფოს წაგება არის ამ პოლიტიკური პარტიების მიზანი.
ჩვენ, ბუნებრივია, ამას ვერ დავუშვებდით და ეს ყველამ დაინახა. ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს და ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, მეორე პუნქტი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.
ჩვენ ვართ ხელისუფლება, ხელისუფლების ამოცანა, პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა, დაცული იყოს ამ სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის იმ ძალებისგანაც, რომლებიც პირდაპირ მტრობენ სახელმწიფოს, მათ შორის იმ ულტიმატუმებით, რომლებიც აქ იყო დაყენებული. ჩვენ ვიმოქმედეთ ამ პასუხისმგბელობით, დანარჩენი პროცესი გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს მჭიდრო პარტნიორობა ჩვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან, ჩვენს პარტნიორებთან და ბუნებრივია, ამ რეჟიმში გაგრძელდება ეს პროცესი.
რაც შეეხება ოპოზიციას, გახსოვთ თქვენ მათი გუშინდელი რიტორიკა, როდესაც ისინი პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროკავშირს, ევროპულ ინსტიტუტებს, კონკრეტულად ევროკომისარებს და ა.შ. ბორელზე განსაკუთრებული შტურმი იყო მიტანილი და დღეს გაგრძელდა ეს პროცესი, დღეს კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, რომ ისინი ასეთი დამოკიდებულებით გამოირჩევიან ევეოპული ინსტიტუტების მიმართ, ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის უპატივცემულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.