ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ნაწილი არ არის ჩართული სამუშაო ჯგუფებში, რაც მათი მხრიდან ევროკავშირის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოხატულებაა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ნაწილი არ არის ჩართული სამუშაო ჯგუფებში, რაც მათი მხრიდან ევროკავშირის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოხატულებაა

იმ ვადებში, რაც იყო ჩვენი მხრიდან შეთავაზებული, იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაო პროცესში ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობს და ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის ეს ნაწილი ყველაფერს გააკეთებს, რომ განახორციელოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და კონკრეტული პუნქტები, გაწერილი გვაქვს ვადები, შექმნილია სამუშაო ჯგუფები. ყველას შევთავაზეთ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, რაზეც ბევრმა თქვა უარი, ბევრმა – თანხმობა. სამუშაო პროცესი წარიმართება ჯანსაღ გარემოში და შესაბამისად, იმ ვადებში, რაც იყო ჩვენი მხრიდან შეთავაზებული, იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პუნქტის შესრულება. თორმეტივე პუნქტი შესრულდება ჩვენი პასუხისმგებლობით იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც არიან ჩართული სამუშაო ჯგუფებში.

ოპოზიციის ნაწილი ჩართულია, ნაწილი არ არის ჩართული. ვინც არ არის ჩართული, ეს არის მათი პასუხისმგებლობა და ეს არის მათი მხრიდან ევროკავშირის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოხატულება. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რადიკალური ოპოზიციის გადმოსახედიდან არის კატასტროფა და კანდიდატის სტატუსის მიღებაც მათი გადმოსახედიდან არის კატასტროფა. რატომ? ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩაიწერს სერიოზულ ქულებს და მათ არც კი უნდათ, რომ ეს წარმოიდგინონ. შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებენ, რომ განახორციელონ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, რასაც აკეთებენ, ამას გააგრძელებენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.