ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს
ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს კომენტარი სთხოვეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფინაზე განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „ძირითადი შეტევა მიტანილი იყო იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, საუბარი, რომ სადმე სხვაგან, სანქციის სახით ივანიშვილის უფლებები შეიბოჭება, საფუძველს მოკლებულია“.
მისი თქმით, რაც შეეხება სანქციების დაწესებას, ვინმე თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება ძალიან უხეში შეცდომა.
„ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს. ესენი არიან: სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. სადმე თუ არის ოლიგარქიზაცია, ეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა გვექნება, მათ შორის შესაბამისს კანონპროექტზე და საჭიროებისამებრ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.
რაც შეეხება სანქციების დაწესებას, თუ ვინმე ამას გააკეთებს, ეს იქნება ძალიან უხეში შეცდომა და რა თქმა უნდა, შეცდომა თავის შედეგებს გამოიღებს მისი ავტორებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.