ირაკლი კობახიძე - ოპოზიციიდან პარლამენტში სულ მცირე 50 დეპუტატი შემოვიდეს, საგამოძიებო კომისია შექმნან, ჩვენთან ერთად ჩაიხედონ ისნის კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებისა და დავით გარეჯის საქმეებში
პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, პარლამენტში შევიდნენ და გახმაურებულ საქმეებზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, პარლამენტში ოპოზიციიდან 60 დეპუტატი რომ შესულიყო, მათ ნებისმიერ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება ჰქონდათ.
„ახალი რეგლამენტით, ჩვენი გადაწყვეტილების გარეშე 50 დეპუტატს შეუძლია, საგამოძიებო კომისიის შექმნა. მათ ამის გაკეთება შეეძლოთ. ოპოზიციიდან მინიმუმ 50 დეპუტატი შემოვიდეს, საგამოძიებო კომისია შექმნან და ჩვენთან ერთად ჩაიხედონ – დავით გარეჯის საქმეში, ასევე ისნის კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეში. ესეც არ უნდათ, რადგან რომ ჩაიხედავენ და ძალიან კარგად იციან, იქ რას ნახავენ. მათ ასეთი გადამოწმების მექანიზმების ამიტომ ეშინიათ, დანარჩენი არის სპეკულაცია, რასაც ქუჩაში ვხედავთ”, – განაცხადა კობახიძემ.