ირაკლი კობახიძე - ოპოზიციასთან კომუნიკაციაზე ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადება, თითქოს მმართველი გუნდიდან დაუკავშირდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
კობახიძის თქმით, მას და არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა დეპუტატი თინა ბოკუჩავა და არჩევნების თემასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა ითხოვა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოკუჩავას განუმარტეს, რომ, მათი ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის ორგანიზება.
„რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, აქ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს, და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის წმინდა წყლის სიცრუე. მე და არჩილ თალაკვაძეს დაგვიკავშირდა ქალბატონი თინა ბოკუჩავა. ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი. კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან ჩვენ დღეს გვთხოვა შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ასევე განგვიმარტა შეხვედრის სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ, რომ, ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს, ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივა დღეს ბუნებრივია არავითარი შეხვედრის გამართვა არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, გაჟღერებული ინფორმაცია არის ტყუილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.