ირაკლი კობახიძე - ოპოზიციასთან არანაირი შეთანხმება არ გვქონია, ჩვენ ანგარიშს გავუწევთ საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას
არანაირი შეთანხმება, ბუნებრივია, არ გვქონია. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, საერთაშორისო პარტნიორების სურვილს და პოზიციას აუცილებლად გავუწევთ ანგარიშს, თუ ასეთი იქნება, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „რაც შეეხება ოპოზიციას, მათ მოთხოვნებსა და განცხადებებს, ის არის სინამდვილეს მთლიანად აცდენილი“.
„დღეს რუსთაველზე იყო, დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი. ჩვენ არ ვითვლით ჩვენ მოქალაქეებს, თითოეული ჩვენი მოქალაქე დასაფასებელია, მაგრამ დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ აჩვენა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ ლეგიტიმურად ცნობს არჩევნების შედეგებს, არამედ იწონებს კიდეც მას. შვიდი ათასი ადამიანი იდგა რუსთაველზე და ეს მათი უფლებაა, მაგრამ შეგახსენებთ, ჩვენ ზურგს უკან დგას, მინიმუმ 930 ათასი ადამიანი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ბუნებრივია, ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მისი ნების შესაბამისად განისაზღვროს პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. დემოკრატია ფუნქციონირებს უმრავლესობის პრინციპით და ზუსტად ამ პრინციპით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ზრუნვას ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თამარ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხელისუფლებას დროს საღამოს 20:00 საათამდე აძლევდნენ. მოგვიანებით, მელიამ განაცხადა, რომ „ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე, შედგა კონტაქტი ოპოზიციასა და ბატონ თალაკვაძე, კობახიძეს შორის“.
„მათთან ურთიერთობისას ბოლო ინფორმაცია არის ის, რომ იქნებ, ხვალ დაველაპარაკოთ“, – აღნიშნა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.