ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში მთავარი ლიდერობა სურს კეზერაშვილს, რომელიც ბიზნესის დაყაჩაღებით იყო ცნობილი, ჯარი გაძარცვა, შემდეგ, როგორც საერთაშორისო გამოძიება ადგენს, ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე გადავიდა
ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ბევრი არაფერი შეიცვლება, „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის „ნაცმოძრაობად“ რჩება, ხოლო მელიას და ხაბეიშვილს რაც შეეხება, მელიაც ფორმალური თავმჯდომარე იყო და ხაბეიშვილიც ფორმალური თავმჯდომარე იქნება, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა შეიცვლება პოლიტიკურ ველზე იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, რადგან ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში გადალაგება მიმდინარეობს და ერთ მხარეს არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფრთად წოდებული ჯგუფი, მეორე მხარეს კი მოქმედი თავმჯდომარე მელია თავის მხარდამჭერებით.
„კეზერაშვილი აფინანსებს ერთი მხრივ, დაჯგუფებას „ნაცმოძრაობის“ შიგნით და თუ „ნაცმოძრაობაზე“ გადამწყვეტ გავლენას მოიპოვებს, ეს მისთვის იქნება შიდა პარტიული გამარჯვება. დამატებით, ის აფინანსებს ცნობილ „ტროიკას“, ეს არის ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძე და რა თქმა უნდა, ეცდება, ეს სუბიექტები რაღაც ფორმით გააერთიანოს. ანუ, ის ეცდება, კიდევ ერთხელ მოახდინოს მონოპოლიზება იმ სივრცეში, რასაც ჰქვია რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ძალებს დიდი რესურსი ვერ ექნებათ, რადგან საზოგადოებამ ამ ადამიანების ბიოგრაფიები ძალიან კარგად იცის.
„ჯერ, რაზეა საუბარი, როდესაც კეზერაშვილს უნდა, რომ ოპოზიციაში მთავარი ლიდერი გახდეს. კეზერაშვილს, რომელიც ცნობილია ყაჩაღობით და, რომელიც ბიზნესს პირდაპირ აყაჩაღებდა. ის ერთ-ერთი მთავარი რეკეტიორი იყო ადეიშვილთან ერთად და ბიზნესის დაყაჩაღებით იყო ცნობილი, როდესაც ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო, მერე კი, როცა სხვა პოზიციებზე გადაინაცვლა, მათ შორის, არაფორმალურ პოზიციაზე, ბიზნესის რეკეტი იყო მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შემდეგ უკვე ჯარი გაძარცვა და იქაც არაერთი კრიმინალი იქნა ჩადენილი, შემდეგ კი, როგორც მათ შორის, სავარაუდოდ, საერთაშორისო გამოძიებაც ადგენს, ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე გადავიდა“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ისტორიიდან გამომდინარე, ქართველ ხალხს აქვს თავისი ამბიცია და ამ ამბიციასთან აბსოლუტურად არათავსებადია კეზერაშვილის, მერაბიშვილის, ხაბეიშვილის, მელიას და სხვათა ფიგურები.
„აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობის“ შიგნით სურათი როგორც არ უნდა გადალაგდეს, ისინი საკუთარი თავის ზემოთ ვერ ახტებიან. ეს ფიზიკის კანონია და ამას ვერ მოახერხებენ“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კეზერაშვილ-მერაბიშვილის დაჯგუფება გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში არის მეტი შანსი, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული სხვა პარტიები და პოლიტიკოსები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ საარჩევნო ალიანსში შევიდნენ.
„მაინცდამაინც საინტერესო არც არის ეს ყველაფერი, რადგან დიდი რესურსი არ არის „ნაცმოძრაობის“ მიღმა. მოკლედ, შესაკრებთა გადანაცვლების ამბავია და დიდად, ეს რესურსი ვერ მოიმატებს ვერანაირი შეკრებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.