ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას თავისი გაყალბების კამპანია ხმების პარალელურ გადათვლაზე ჰქონდა აგებული, როდესაც აცხადებენ, რომ არ უნდათ მოლაპარაკება, მეტყველებს, რომ მათთვის მაგიდის აყირავება იყო თვითმიზანი
ოპოზიციას თავისი გაყალბების კამპანია PVT-ზე ჰქონდა აგებული და ეს მთლიანად გამოეცალათ ხელიდან. ახლა, როდესაც ისინი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ არ უნდათ არც მოლაპარაკება, არც საუბარი არაფერზე, ეს მეტყველებს, რომ მათთვის მაგიდის აყირავება და მოლაპარაკებების ჩაშლა იყო თვითმიზანი. ეს გააკეთეს სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ელჩების დამოკიდებულება ასეთ განვითარებასთან დაკავშირებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ისინი პირდაპირ დაესხნენ თავს ჩვენს მეგობარ ელჩებს, ფასილიტატორ ელჩებს. ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელი მოვლენა, ეს იყო კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ წარმოებს რბილი ძალით ანტიდასავლური კამპანია ამა თუ იმ ქვეყანაში. ასეთი ანტიდასავლური კამპანია და რბილი ძალის გამოყენება დასავლური ინსტიტუტების მიმართ არის მიუღებელი. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის გვექნება უმკაცრესი რეაქცია რუსული საქმის მკეთებელი რადიკალური ოპოზიციის მიმართ, ასეთი ანტიდასავლური პროპაგანდისა და ისტერიკის შემთხვევაში. ბოდიში ISFED-ს ნამდვილად აქვს მოსახდელი. რაც შეეხება მოლაპარაკებების გაგრძელებას, ჩვენ დაველოდებით ფასილიტატორი, მეგობარი ელჩების პოზიციას და ამის მიხედვით, ბუნებრივია მივიღებთ გადაწყვეტილებას ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მოლაპარაკებებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ შლის.
„ ვინ შლის მოლაპარაკებებს და ვინ არიან ძირითადი სუბიექტები-ეს არის ცხადზე უცხადესი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა, ანუ სააკაშვილ-გვარამიას ფრთა და ეს არის „ევროპული საქართველო“, რომელიც მთლიანად რადიკალური ფრთისგან შედგება და იქ არანაირი სხვა ფრთა არ არის. ანუ, ესენი არიან სააკაშვილი-გვარამია ერთ მხარეს და ბოკერია-უგულავა მეორე მხარეს. მათ აქვთ ასეთი პოზიცია, მათ სურთ მოლაპარაკებების ჩაშლა, რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, იქ არის ყველანაირი რესურსი. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებებისთვის, ვართ ღია პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჩვენს უცხოელ მეგობრებთან კონსულტაციებისთვის და ამის საფუძველზე მივიღებთ ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.