ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას, პრაქტიკულად, გაჩაღებული აქვს ახალი კამპანია „არა რუსულ სტატუსს“, ესაა მათი დამოკიდებულება და განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით
ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ოპოზიცია აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც, საბოლოო ჯამში, მათივე კოლეგებმა გათქვეს. პირდაპირ აღნიშნეს, რომ, რეალურად, ოპოზიციის წარმომადგენლები ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ახლა უკვე საკუთარ განწყობას აღარ მალავენ. როდესაც თვისებრივად არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ამ სტატუსის მიღება იქნება კონტრპროდუქტიული. ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მათ, პრაქტიკულად, ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული – „არა რუსულ სტატუსს“, ეს მათი დამოკიდებულება და განწყობაა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.