ვნახე მათი განცხადებები და ეს არის უხეში დარღვევა იმ პირობების, რომლებიც არის შეთანხმებული საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ოპოზიცია ისევ პრინციპულ საკითხებად აყენებს ახალ არჩევნებს და იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომელსაც პოლიტპატიმრებს უწოდებენ, ამ პირობებში, რა არის თქვენი პოზიცია“.
კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული განცხადებები ოპოზიციის სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს.
„ვიდრე ჩამოვიდოდი, ვნახე მათი განცხადებები და ეს არის უხეში დარღვევა იმ პირობების, რომლებიც არის შეთანხმებული საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ ვართ შეთანხმებული, რომ ამ მოლაპარაკებების არც ერთ დეტალზე არ ვისაუბრებთ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული გვაქვს ჩვენც და მათაც, არის ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არც ერთ წითელ ხაზზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი. თქვენ თუ ნახავთ ამ განცხადებებს, საუბარია რამდენიმე წითელ ხაზზე, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ სახეს.
ბორელს შემთხვევით კი არ ლანძღავდნენ გუშინ, იმიტომ ლანძღავდნენ, რომ მათთვის ევროპა არის უცხო და დასავლეთი არის უცხო, ეს მათი ბუნებაა. სწორედ აქედან გამომდინარე არ სცემენ პატივს დასავლურ ინსტიტუტებს, მათ შორის იმ პირობას, რომლებსაც ისინი დებენ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. აგრესია რა შუაშია, მათი სახე ვაჩვენე ახლა, ბორელს მე ვლანძღავდი თუ ისინი ლანძღავდნენ? ორი ფაქტი იყო ხომ, ისინი ლანძღავდნენ ბორელს გუშინ მთელი დღის განმავლობაში და ევროკავშირს. არა მარტო ბორელს, ევროკავშირსაც. დღეს ისაუბრეს მათ წითელ ხაზებზე, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, რაც მეტყველებს, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების და ზოგადად, დასავლური ინსტიტუტების მიმართ. ზოგადად, ოპოზიციას დღითი დღე უმძიმდება თავისი მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზის გამო, გუშინ ეს ყველამ ერთად საჯაროდაც ვიხილეთ. გუშინდელი ბორელის განცხადება ბუნებრივია, იყო ძალიან მძიმე დარტყმა ოპოზიციისთვის. ეს საჯაროდ არის ცნობილი, ხოლო რაც კულისებში ხდება, ამაზე დღეს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ოპოზიციას თავისი პოზიციები დღითი დღე უმძიმდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.