ირაკლი კობახიძე - სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის, ოპოზიციას იმდენად არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დებატებს ოპოზიცია გაურბის.
კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში გაექცნენ მასთან დებატებს.
„ისინი გაურბიან დებატებს. მე პირადად აბსოლუტურად მზად ვარ. პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე. მათ ჰქონდათ შანსი თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში. შემდეგ იყო ივნისი, ახლა არის უკვე სექტემბერი. ექვსჯერ ჰქონდათ შანსი, ჩემთან გამართულიყო საპარლამენტო დებატები, ექვსივეჯერ გაექცნენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, კობახიძის განმარტებით, ეს მისთვის არავითარი პრობლემა და სირთულე არ არის.
„იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ აძლევს უფლებას, საერთოდ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში.
„ის ამ შემთხვევაშიც არღვევს კონსტიტუციას, მათთან დებატებს არავითარი არც ფასი აქვს, არც სირთულე, დებატები ცოტა რთული მაინც უნდა იყოს, მონაწილეობა რომ ღირდეს. ჩვენი დღევანდელი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამ პირობებში, ხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს არავითარი შანსი არ აქვს. მთელ ოპოზიციას, ვინც დღეს ლახავს ბარიერს, აქვს 20 პროცენტამდე. 60/20-ზე თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ, რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომ არჩეული იყოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ის „ნაცმოძრაობამ“ დატოვა პრეზიდენტის პოსტზე მას შემდეგ, რაც მან დაარღვია კონსტიტუცია. არის დღეს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მეორედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი ვერ გახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.