ირაკლი კობახიძე - აუცილებლად მოუწევთ მესამე მოსმენისას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა, ამას თუ არ გააკეთებენ, დიპლომატებისგან მკაცრი მუშტი მოხვდებათ
აუცილებლად მოგიწევთ ამ დარბაზში მოსვლა და მესამე მოსმენის დროს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა, თუ ამას არ გააკეთებთ, ამ შემთხვევაში მოგხვდებათ დიპლომატებისგან ძალიან მკაცრი მუშტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ნიკა რურუა ნახსენები არ იყო.
„ელჩის განცხადებაზე გიგა ბოკერიამ და სხვებმა გააკეთეს საპასუხო, არამარტო შეურაცხმყოფელი, არამედ უზრდელური განცხადებები და ამაზე ბუნებრივია, ისინი მიიღებენ პასუხს. ეს მკაცრი პასუხი იქნება და ეს პასუხი თქვენ მოგხვდებათ ცხვირში, ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ყველა განშტოებით. რაც შეეხება მართლმსაჯულების სფეროში ჩაურევლობის საკითხს, ელჩებმა ბრძანეს, რომ ეს არის განგრძობითი პროცესი, რასაც ბუნებრივია, ჩვენ ვეთანხმებით. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია და ბუნებრივია, ქართულ მართლმსაჯულებას სჭირდება მუდმივი დაკვირვება და სწორედ ამაზეა საუბარი ჩვენ მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას, აუცილებლად მოგიწევთ ამ დარბაზში მოსვლა და მესამე მოსმენის დროს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა. თუ ამას არ გააკეთებთ, ამ შემთხვევაში მოგხვდებათ დიპლომატებისგან ძალიან მკაცრი მუშტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.