ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას არ აქვს უფლება, საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ულტიმატუმის ენით ესაუბროს, მათ უნდა შეცვალონ მიდგომა, ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ
ოპოზიციას არ აქვს არავითარი უფლება საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ულტიმატუმის ენით ესაუბროს, რომ ჯერ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და მერე დასხდებიან მაგიდასთან, ეს არასწორია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი მიდგომა უნდა შეცვალოს.
„ეს არის მათი დამოკიდებულება. ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ, კონსულტაციებისკენ. მათი პასუხია ულტიმატუმი. ბუნებრივია, ისინი მკაცრ პასუხს მიიღებენ ასეთ ულტიმატუმებზე ყველასგან, მათ შორის ქართული საზოგადოებისგან და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებისგან. მათ არ აქვთ არავითარი უფლება საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ესაუბრონ ულტიმატუმის ენით. ამას არავინ გაუტარებს. რაც შეეხება ულტიმატუმს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები თუ რაღაც და მერე დასხდებიან მაგიდასთან, ეს არის არასწორი საუბარი ჩვენი პარტნიორების და ქართული საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, მათ უნდა შეცვალონ საკუთარი მიდგომა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არის უამრავი განსხვავებული ინტერესი, რაც საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებს უბიძგებს, პარლამენტში შესვლისკენ.
საბოლოო ჯამში, თვითონ ძალიან კარგად იციან, რა არის მათი შედეგი. მაგალითად, როდესაც საუბარია „ევროპულ საქართველოზე“. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ წინა არჩევნებთან შედარებით დაკარგა ასი ათასი ხმა. ამით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღიარა ის შედეგი, რომელიც დაფიქსირდა. ახლა შეიძლება შეატრიალოს საუბარი, მაგრამ ეს ნათქვამი აქვს. ასევე სხვა პარტიებმაც კარგად იციან რომ აღებული აქვთ ერთი პროცენტი და ა.შ. მათ კარგად იციან არჩევნების მონაცემები და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მათ მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ პარტიებს აქვთ განსხვავებული პოზიციები, კონკრეტული პარტიების შიგნითაც არიან ადამიანები, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს ამ არჩევნებში დახარჯული და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა. არის უამრავი განსხვავებული ინტერესი, რომელიც ფულის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, რეალობის აღქმასთანაც და ა.შ. არის სხვადასხვა ინტერესები, რაც საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებს უბიძგებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.