ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ შექმნა ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ეს არის ღიმილის მომგვრელი ამასთან ერთად კი, პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ შექმნა ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ეს არის ღიმილის მომგვრელი ამასთან ერთად კი, პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი

ოპოზიციამ შექმნა ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ჯერ უნდოდა ტექნიკური მთავრობა, ახლა შექმნეს ტექნიკური პარლამენტი. ერთი, რომ ეს არის ღიმილის მომგვრელი ამასთან ერთად, ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს პოლიტიკური ძალები როდესაც ერთი მხრივ, საუბრობენ 12 პუნქტის შესრულებაზე და მეორე მხრივ, ევროკომისიის დოკუმენტის პირველივე პუნქტს უხეშად არღვევენ, პროცესები მიჰყავთ პოლარიზაციისკენ და ცდილობენ ამის გაკეთებას, ეს თავისთავად მეტყველებს მათ განზრახვაზე.

„მათი განზრახვა არის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ამისთვის. ჩვენი დღის წესრიგი და ამოცანაა რადიკალურად განსხვავებული. გვინდა, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, სათანადო ფორმატში, საპარლამენტო ფორმატში წარიმართება სამუშაო პროცესები თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით და თორმეტივე პუნქტი შესრულდება პირნათლად.

არსებობს ინსტიტუტები, პირველ რიგში პარლამენტი, რომელიც არის პასუხისმგებელი შესაბამისი რეფორმების უმეტესობის გატარებაზე. ეს არის სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული და ა.შ. ძირითადად აქ საუბარია კანონპროექტების შემუშავებაზე და მიღებაზე. ეს არის პარლამენტის ფუნქცია და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მთლიანად ეს პროცესი. როდესაც იგეგმება პარალელური პროცესი, ეს არის რა თქმა უნდა, კონპროდუქტიულია და მიზანი არის იმ პროცესის დისკრედიტირება, რომელიც ოფიციალურ ფორმატში წარიმართება და ეს არის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, როდესაც შენ არ აღიარებ მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს, პარლამენტს, ქმნი შენ ერთგვარ ტექნიკურ პარლამენტს, ეს არის კონტრპროდუქტიული მოვლენა და აჩვენებს მათ განზრახვას, ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი და მაქსიმუმს გავაკეთებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კობახიძემ.