ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ პირწმინდად წააგო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები, ერთი წლის განმავლობაში საბოტაჟმა რადიკალური ოპოზიცია პრაგმატულადაც მოშალა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ პირწმინდად წააგო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები, ერთი წლის განმავლობაში საბოტაჟმა რადიკალური ოპოზიცია პრაგმატულადაც მოშალა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ საპარლამენტოც და მუნიციპალური არჩევნებიც პირწმინდად წააგო და უსაფუძვლოდ დაწყებულმა საბოტაჟმა რადიკალური ოპოზიცია პრაგმატულადაც მოშალა.

„მე რომ ოპოზიციაში ვყოფილიყავი, ყალბ კამპანიას არ წამოვიწყებდი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ვაღიარებდი არჩევნების შედეგებს, რადგან ეს არჩევნები ოპოზიციამ მართლა წააგო – საპარლამენტოც და მუნიციპალურიც, წააგო პირწმინდად. ეს პირველი. მეორე – მითუმეტეს საბოტაჟს არ განვახორციელებდი ერთი წლის განმავლობაში. პრაგმატულადაც მოშალა ამ საბოტაჟმა რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ გამარჯვებული გამოვედით, თვითონ მოიშალნენ. რატომ? როდესაც მართალი არ ხარ და არამართალ საფუძველზე იწყებ საბოტაჟს, შენ თვითონ ინგრევი და ეს მოხდა ზუსტად რადიკალური ოპოზიციის შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, „რას იზამდა, ოპოზიციაში რომ იყოს“.

კობახიძის თქმით, ამავდროულად, ოპოზიციის ადგილას, „არ წამოიწყებდა ისეთ როტორიკას, რომელიც იქნებოდა მიმართული მეორე ფრონტისკენ, ომისკენ“.

„არ მოვითხოვდი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, მაგალითად, მთავრობის ნებართვით. არ მოვითხოვდი სანქციების დაწესებას, შემდეგ, სხვათაშორის, უკან წაიღეს სანქციებთან დაკავშირებით ეს მოთხოვნა და განაცხადეს, რომ არ ემხრობიან სანქციების დაწესებას და ა.შ. ასევე, რეზოლუციაზე არ ვისაუბრებდი ყოველდღიურ რეჟიმში, რადგან ბევრ ყველაფერთან ერთად, ეს საუბარი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.

ვერ ახერხებენ ფუნდამენტურად, საფუძვლიანად, მაგრამ გარკვეული ხინჯი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში, ანუ ასეთ რაღაცებს არ გავკეთებდი, ვიქნებოდი კონსტრუქციული, წარვადგენდი ისეთ ინიციატივებს, რომლებიც შეიძლებოდა, გაზიარებული ყოფილიყო უმრავლესობის მხრიდან, მაგრამ დღეს ისინი გამოდიან მთლიანად ისეთი ინიციატივებით, მაგალითად ავიღოთ სასამართლო ინიციატივები – რაც აქვთ სასამართლოსთან დაკავშირებით, მთლიანად ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ანტიმონოპოლიურია. ემსახურება სისტემის მოშლას და ა.შ. ანუ, რა ინიციატივებიც აქვთ, ყველაფერი აქვთ სისტემის მოშლისკენ მიმართული და აღიარებენ კიდეც ამას. ამბობენ, რომ სისტემა კი არ უნდა დაიხვეწოს, არამედ დაინგრეს და ინიციატივები სისტემის დანგრევისკენაა მიმართული. ვერც ერთ მათ ინიციატივას, რომელიც სისტემის დანგრევისკენაა მიმართული, ვერ გავიზიარებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.