ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია თუ არ გაჰყვება სააკაშვილის მითითებებს, ბევრ რამეზე შეიძლება ერთად დასხდომა და საუბარი
თუ ისინი არ გაჰყვებიან სააკაშვილის მითითებებს პოლარიზაციასთან და არაკონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, ბევრ რამეზე შეიძლება ერთად დასხდომა და საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი სწორედ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაა.
„მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ მოლაპარაკებებში ჩვენ ვართ ჩართული, არის ის, რომ გვინდა, პოლარიზაციის ხარისხი მაქსიმალურად შევამციროთ და ოპოზიცია მეტად კონსტრუქციული გავხადოთ, ეს არის მიზეზი. თუ დაძლეული იქნება პოლარიზაციის და არაკონსტრუქციულობის პრობლემა, ამ შემთხვევაში გპირდებით, რომ ოპოზიცია ჩართული იქნება ყველა სახის პროცესში. მთავარია, ჩვენ დავინახოთ კონსტრუქციული დამოკიდებულება და პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. თუ ისინი არ გაჰყვებიან სააკაშვილის მითითებებს პოლარიზაციასთან და არაკონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, ბევრ რამეზე შეიძლება, ერთად დასხდომა და საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.