ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია სერიოზულ იმედებს ამყარებდა ლარის კურსის ცვლილებაზე, თუმცა ყველამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და მალევე მოხერხდა კურსის დასტაბილურება
გარკვეული დროის მონაკვეთი იყო, როცა დაფიქსირდა ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება, თუმცა ეს ყველაფერი იყო დროებითი და, საბოლოო ჯამში, მალევე მოხერხდა კურსის დასტაბილურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
რაც შეეხება რეზერვების იმ ნაწილს, რომელიც ამ მიზნით დაიხარჯა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ეს რეზერვებიც შეივსება.
„სხვათა შორის, ოპოზიცია სერიოზულ იმედებს ამყარებდა ლარის კურსის ცვლილებაზე, თუმცა ყველამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და, საბოლოო ჯამში, მალევე მოხერხდა კურსის დასტაბილურება. რაც შეეხება რეზერვების იმ ნაწილს, რომელიც ამ მიზნით დაიხარჯა, დარწმუნებული ვართ, ძალიან მალე, უახლოეს მომავალში ეს რეზერვებიც შეივსება და არათუ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ დამატებით მოვახერხებთ ჩვენი რეზერვების შევსებას. ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები გვაქვს, მით უმეტეს, ახლა იწყება ტურისტული სეზონი და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, მეტად გავამყაროთ ჩვენი რეზერვები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.