ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას ახლაც უპასუხისმგებლოდ ეპყრობა
მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ წინასწარ ამბობდა, რომ არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია დესტრუქციას ეცდებოდა.
„აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ასევე არჩევნებში შანსების უქონლობის მიზეზით თქვეს მათ უარი რამდენიმე თვის წინ იმ საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე, რომელიც პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმდა.
„ჩვენი პარტნიორების თვალთახედვით, ახალი, არსებითად პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით, უნდა გახდეს მყარი საფუძველი საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისათვის. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენ მეგობარ ოთხ ელჩს, რომელთა ძალისხმევით დაძლეულ იქნა ჭარბი უმრავლესობის მრავალწლიანი პრობლემა და ახალ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა ცხრა პოლიტიკურ პარტიას მიეცა. როგორც ხედავთ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ამ ძალისხმევას როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა. გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე. ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში ვართ დარწმუნებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.