ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მხარს არ უჭერს საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ დოკუმენტს, გასაგებია, რა არის მათი დამოკიდებულება, ლობირებენ ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ
ოპოზიცია როცა მხარს არ უჭერს დოკუმენტს, სადაც საუბარი იყო საქართველოს, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერაზე, გასაგებია, რა არის მათი დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ ლობირებენ.
„რეალურად, გასაგებია, რაშიც არის საქმე. საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში. როცა ასეთ დოკუმენტს არ უჭერს მხარს ოპოზიცია, გასაგებია, რა არის მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ არ მიმართეს ევროპარლამენტს მხარდაჭერის მოთხოვნით და რას ნიშნავს, რომ 110-წევრიან ორგანიზაციაში ორი ხმა დააკლდათ, კობახიძემ აღნიშნა:
„რეალურად, „ევრონესტის“ ფარგლებში წარიმართებოდა მუშაობა ამ დოკუმენტზე და სათანადოდ განიმარტა, რატომ ვერ მოხერხდა ასეთი რეზოლუციის წინ წაწევა. რეალურად, მთავარი მიზეზი იყო ოპოზიციის საწინააღმდეგო მუშაობა. ეს არის სამწუხარო რეალობა, დანარჩენი საინტერესო აღარ არის“, – განაცხადა კობახიძემ.
„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.
რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.