ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არ არის მზად, ჩაერთოს საგნობრივ დებატებში, არ აინტერესებთ ქვეყნის განვითარება, ამიტომ არ დაუსვამთ პრემიერისთვის, პრაქტიკულად, არცერთი რეალური შეკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წარადგინა დეტალური ანგარიში, როგორ და რა მიმართულებით ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორი იყო განვითარების ტენდენციები გასული წლის განმავლობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერმა ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან თემაზე და საზოგადოებას მიეწოდა სრულფასოვანი ინფორმაცია, როგორ ვითარდება ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით.
„ანგარიში შეეხებოდა აბსოლუტურად ყველა სფეროს, როგორც ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკას, ტურიზმს და ასე შემდეგ, ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე საგარეო პოლიტიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტს. ყველა მნიშვნელოვანი თემა იყო დაფარული იმ მოხსენებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა, შესაბამისად, საზოგადოებას მიეწოდა სრულფასოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება ქვეყანა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ.
„ეს არის ჩვეულებრივი „ომის პარტია“, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა. ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ პრემიერს აქცენტის გაკეთება. ბუნებრივია, ამაზე ღიზიანდებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სინამდვილეში ისინი მტრობენ ქვეყანას. ამას აკეთებდნენ ისინი, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში ცხრა წლის განმავლობაში და ამას აკეთებენ ახლაც, როდესაც არიან 11 წლის განმავლობაში ოპოზიციაში. მათ, ბუნებრივია, აღიზიანებთ, როდესაც ერქმევათ ის სახელი, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ. ეს არის „ომის პარტია“, რეგრესის პარტია, პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიიცის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრისთვის ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დაუსვამთ.
„მე დღეს, უბრალოდ, ვინიშნავდი, მაინტერესებდა, რაიმე კითხვას დასვამდნენ თუ არა ისინი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. პრემიერის ყოველწლიური ანგარიში იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, კითხვები დასვა ქვეყნის განვითარების თაობაზე და მიიღო პასუხი. პატარა სტატისტიკა ვაწარმოე სხდომის დროს და მინდა, გითხრათ, მაგალითად, რამდენი კითხვა დაისვა ოპოზიციის მხრიდან ეკონომიკასთან დაკავშირებით. ზუსტად ნული შეკითხვა დაისვა ენერგეტიკაზე, რეგიონულ განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის საკითხებზე, ტურიზმზე, ჯანდაცვაზე, სოციალური დაცვის, სოციალური დახმარების საკითხებზე, განათლებაზე, კულტურაზე, სპორტზე.
ოპოზიციის მხრიდან საგნობრივი შეკითხვა ინფრასტრუქტურაზე დაისვა სულ ორი, საგარეო თემებზე დაისვა სამი უხარისხო შეკითხვა, თავდაცვაზე – ერთი. ეს არის ოპოზიციის სტატისტიკა, რაც აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, საერთოდ არ არის მზად, არც ინტელექტუალურად არ არის ოპოზიცია მომზადებული, რომ ჩაერთოს რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში. საერთოდ არ აინტერესებთ ამ ადამიანებს ქვეყნის განვითარება. ამიტომ არ დაუსვამთ, პრაქტიკულად, არცერთი რეალური შეკითხვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს.
კიდევ ერთი საინტერესო რამ იყო, რომ, როდესაც პრემიერმა აღნიშნა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატება, რადიკალურმა ოპოზიციამ საერთოდ ტაში არ დაუკრა. წარმოიდგინეთ მათი დამოკიდებულება, ჩვენი ქვეყნის არანაირი სიკეთე არ უხარიათ, არ უხარიათ ჩვენი სპორტული წარმატებაც კი. უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.