ირაკლი კობახიძე - ოპონენტებთან ერთად დაჯდომა და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი გვჭირდება
ირაკლი კობახიძე - ოპონენტებთან ერთად დაჯდომა და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი გვჭირდება

პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ცვლილებები, რომ თავმჯდომარემ პასუხისმგებლობა აიღოს და სხდომის მონაწილეებს შორის ეთიკური ინტერაქციები უზრუნველყოს, ეთიკური ინტერაქციების დამრღვევს კი, გარკვეული პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ რეალობის ფონზე, როცა შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარე დებატებმა გროტესკული ხასიათი მიიღო, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ინციდენტების დარეგულირების მექანიზმები დღესაც არსებობს.

„ამისთვის მანდატურის სამსახური დამატებით მუშაობს. თუმცა, ასევე ვმუშაობთ ეთიკის კოდექსზე. სამუშაო პროცესში სხვადასხვა სუბიექტია ჩართული. მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორები ძალიან აქტიურად გვეხმარებიან. ჩვენი ამოცანაა, ისეთი სტანდარტები შევიმუშაოთ, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ცხოვრება უკეთ წარიმართება. საუბარია ეთიკის კომისიის შექმნაზე, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებსა და ინციდენტებს ეთიკის კუთხით შეისწავლის. ამ კომისიას შესაბამისი სანქციების შეფარდების შესაძლებლობაც ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

„მოამბის“ ჟურნალისტის, სალომე ქოქიაშვილის შეკითხვაზე, რამდენად იმუშავებს სანქციები, მაგალითად, ხელფასის 10%–ის ჩამოკლება, საზღვარგარეთ მივლინებაში წასვლაზე უარი და ა.შ, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ შესაძლოა, სანქციებმა აბსოლუტური პრევენცია ვერ უზრუნვეყოს, მაგრამ ეს ყველაფერი თავის როლს მაინც შეასრულებს.

გადაცემის სტუმარს შეკითხვა „მოამბის“ ჟურნალისტმა, თეონა მანაგაძემაც დაუსვა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა პარლამენტის თავმჯდომარისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტი, როცა პარლამენტში მოსულმა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოეთხოვება თუ არა მას უფრო მეტი სტანდარტი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მისი მხრიდან დამატებითი კომენტარის გაკეთება არასწორი იქნება, რადგან ამ ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერმა შესაბამისი, სწორი განცხადება გააკეთა.

„ყველასთვის მთავარი ისაა, რომ აგრესიული ფონი შეიცვალოს. ჩვენ ოპონენტებთან ერთად დაჯდომა და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი გვჭირდება. აქვე უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მძიმე ფონი გვქონდა და ამ მხრივ სერიოზული პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, ოპონენტების მხრიდან შეურაცხყოფის მოსმენა და მსგავსი ტიპის ინციდენტების დროს რეაგირება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, აგრესიული ფონის შეცვლაში ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და პოლიტიკური პროცესის დერადიკალიზაცია მოვახდინოთ“, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ასეთ დაძაბულ რეჟიმში ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სირთულეები იქნება, მაგრამ ეს უმრავლესობის ვალდებულებაა.