ირაკლი კობახიძე - ოპონენტებს სინამდვილეში აწუხებთ გამჭვირვალობა, ის, რომ საზოგადოება ბევრ „შავ ფულს“ აღმოაჩენს დაფინანსებაში, რომელიც დღეს მიემართება „ენჯეოებისკენ“
ოპონენტებს სინამდვილეში აწუხებთ გამჭვირვალობა, ის, რომ საზოგადოება ბევრ „შავ ფულს“ აღმოაჩენს იმ დაფინანსებაში, რომელიც დღეს მიემართება „ენჯეოებისკენ“, საზოგადოება დაინახავს, რომ თურმე ამ „შავი ფულით“ საქართველოში ფინანსდება რევოლუციები, ეკლესიაზე თავდასხმები, ინტერვენცია, ნარკოტიკების პროპაგანდა და ა.შ. ამის ეშინიათ სინამდვილეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე ოპონენტების მხრიდან ბევრი აბსურდი ითქვა, რაც წარმოუდგენელია.
„ყოველ ჯერზე, როდესაც უმცირესობა კონკრეტულ საკითხს აყენებდა, უმრავლესობა უბრუნებდა მათ კითხვას, ეს რომ გავიზიაროთ, მხარს დაუჭერთ კანონს? და ყოველ ჯერზე პასუხი იყო უარყოფითი. აქ ჩანდა, რომ, უხეშად რომ ვთქვათ, ისინი იყვნენ შარზე და სინამდვილეში, ერთადერთი, რაც აწუხებთ, ესაა გამჭვირვალობა. რაც შეეხება ე.წ. სტიგმატიზაციას, შარშან იყო საუბარი უცხოელ აგენტზე, ითქვა, რომ აგენტს საქართველოში აქვს მეტწილად უარყოფითი დატვირთვა. კი ბატონო, ეს გავიზიარეთ და წელს კანონპროექტში მოცემულია განსხვავებული ტერმინოლოგია. საუბარია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციაზე. როდესაც ამაზეა საუბარი, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. უცხოური ძალა ეს არის უბრალოდ ფაქტი, როგორც საქართველო არის უცხოური ძალა ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, იქნება ეს გერმანია, სომხეთი თუ გაერთიანებული საამიროები, ასევე არის ნებისმიერი სხვა ქვეყანა უცხოური ძალა საქართველოსთვის. ეს არის მარტივი, მშრალი ფაქტის კონსტატაცია. როცა შენ ფულს ხარჯავ სადღაც, ეს, რა თქმა უნდა, არის ინტერესების გატარება. ეს ინტერესი შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. ის ორგანიზაცია, რომელიც ჩემგან იღებს თანხებს, არის ამ ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. შეიძლება, იყოს თანხვედრა უცხოური ძალის ინტერესებსა და საქართველოს ინტერესებს შორის, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პრიორიტეტულად ეს დაფინანსება არ არის მიმართული უცხოური ძალის ინტერესების რეალიზებისთვის.
წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ უცბად გადავწყვიტეთ, მაგალითად, სოფლის მეურნეობის ინტერესების განვითარება სხვა ქვეყანაში, მაგალითად, მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, აზერბაიჯანში ან კვიპროსში ვავითარებთ სოფლის მეურნეობას და ა.შ. რატომ მივდივართ იქ? ჩვენ ხომ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, ესაა სახელმწიფოს უმთავრესი მისია, რომ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესები დაიცვას. როდესაც მე მივდივარ, მაგალითად სომხეთში, აზერბაიჯანში ან კვიპროსში და იქ სოფლის მეურნეობაში ვდებ ფულს, მე მაქვს იქ, პირველ რიგში, ჩემი ინტერესი, მათ შორის, შეიძლება, ეს იყოს საკმაოდ უწყინარი ინტერესი, რომ ჩემი ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდეს იმ მეორე ქვეყანაში, მაგრამ ჩემი უმთავრესი ინტერესი, ამ შემთხვევაში, არის სწორედ ჩემი ქვეყნის პოზიციების გატარება სხვა ქვეყანაში. საბოლოოდ, ის ადამიანიც, რომელიც იღებს უცხო ქვეყანაში ამ თანხას, თუნდაც სოფლის მეურნეობის სფეროში, რა თქმა უნდა, გამოირჩევა ლოიალურობის მაღალი ხარისხით ჩემ მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია“, – განაცხადა პრემიერმა.