ირაკლი კობახიძე - ოლაფ შოლცის განცხადება, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო იყო
განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გერმანიაში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესმა ძალიან საინტერესოდ ჩაირა.
„ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო საქართველოსთან დაკავშირებით და ეს გზავნილები გაჟღერდა არაერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. ყველა საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ევროკავშირის გაფართოება. ამ კონტექსტში პირდაპირ იყო მოხსენიებული საქართველო, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, აგვავსებს ოპტიმიზმით იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, აქედან გამომდინარე, შოლცის ეს გზავნილი იყო ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა: „დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა“.
გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე გუშინ მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „ქართული ოცნების“ დელეგაციამ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.