ირაკლი კობახიძე - ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები არის სიყალბე და ოკუპაციის გაგრძელება
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები არის სიყალბე და იმის გაგრძელება, რასაც ჰქვია ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში სრულ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. აქედან გამომდინარე, თავისთავად ასეთი ე.წ. არჩევნები არის სიყალბე და იმის გაგრძელება, რასაც ჰქვია ოკუპაცია. ასეთ არჩევნებს ჩვენ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ“,- განაცხადა კობახიძემ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ე.წ. არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.