ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე შეხვედრა გაიმართება ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. დაგეგმილია შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, რუმენ რადევთან და ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ქალაქ ველიკო ტარნოვოში გაემგზავრება, სადაც ქალაქის მერს, დანიელ პანოვს შეხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და დანიელ პანოვი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები სოფიო ქაცარავა, დავით მათიკაშვილი, ზაზა ხუციშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.