ირაკლი კობახიძე - ო’ბრაიენთან შეხვედრაზე განსაკუთრებულად შევეხეთ გაუმჭვირვალობის როლს იმ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში
ყველა თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან. იყო ძალიან გულწრფელი, გახსნილი საუბარი, ორსაათ-ნახევარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო გაუმჭვირვალობის როლს იმ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში.
„აბსოლუტურად ყველა წუხილი გავუზიარე მე ბატონ ო’ბრაიენს, რაც გვაქვს იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში და განსაკუთრებულად შევეხეთ გაუმჭვირვალობის როლს ამ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში. მე გამოვთქვი იმედი, რომ თვისებრივად შეიცვლება ეს ყველაფერი მომავალში და ყველაფერი არის, არსებითად, დამოკიდებული სწორედ ჩვენს პარტნიორებზე, ჩვენზე – ნაკლებად. ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ, ჩვენს პარტნიორებზეა, არსებითად, დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაძლიერდება ურთიერთობები ორ მხარეს შორის, იქნება ეს საქართველო – აშშ, თუ საქართველო – ევროკავშირი. მთავარია, ჩვენ მივიღოთ ღირსეული, სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.