ირაკლი კობახიძე - საგამოძიებო კომისიის სამთვიანი მუშაობა ისევე დასრულდა, როგორც თავის დროზე გამოძიებამ დაასრულა მუშაობა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სამთვიანი მუშაობა ისევე დასრულდა, როგორც თავის დროზე გამოძიებამ დაასრულა მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„როდესაც გამოძიებას ბრალს უყენებდნენ, რომ საქმე ვერ გაიხსნა, ახლა თვითონ ჰქონდათ სამი თვე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჭეშმარიტების დადგენისთვის მათაც არ აღმოაჩნდათ საკმარისი საფუძველი.
ამ საქმის ყველა მოწმე ახლაც ცოცხალია, რატომ ვერ მოახერხა საგამოძიებო კომისიამ, რომ მათგან მეტი ინფორმაცია მიეღო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, გამოძიების ობიექტური პრობლემა ის იყო, რომ კონკრეტული პირები არ თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან.
„ობიექტური პრობლემა არსებობდა და ამაზე გვქონდა საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან. კონკრეტული პირები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ის დრო წავიდა საქართველოში, როდესაც თქვენ იცით, რა მეთოდებითაც ხდებოდა ჩვენებების მიღება. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს ამას, მაგრამ ჩვენი მთავარი მიღწევა ის არის, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს, რომ ჩვენ უხეშ მეთოდებს ვერ ვიყენებთ ჩვენების მისაღებად. სამწუხაროდ, ამ რეალობაში, ობიექტურ გარემოებათა გამო, ვერ მოხერხდა საქმის სათანადოდ გახსნა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნას თან სდევს პოლიტიკური ფონი.
„გვქონდა მოლოდინი, რომ ამ პრივილეგიას, რომელიც მივანიჭეთ უმცირესობას, მათ მივეცით უმრავლესობა საგამოძიებო კომისიაში, სათანადოდ გამოიყენებდნენ, მით უმეტეს ეს არის ძალიან მტკივნეული საქმე, საქმე ეხება ბავშვების მკვლელობას და მთლიანად უნდა ყოფილიყო დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან, უნდა ყოფილიყო დადგენილი ჭეშმარიტება. ეს უნდა ყოფილიყო უმთავრესი ამოცანა, მათ შორის კომისიის მუშაობის.
სამწუხაროდ, საბოლოო დასკვნაში, რომელიც შეიმუშავა საპარლამენტო უმცირესობამ, ვხედავთ პირდაპირ პოლიტიკურ ფონს. აშკარად ჩანს, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს, პოლიტიკური ნიშანი დაასვას იმ დასკვნას, რომელიც არის წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ იმ ხარვეზების საფუძველზე, რომელთა შესახებაც საუბარია „ევროპული საქართველოს“ დასკვნაში, შეუძლებელია ვინმეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
„ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული დასკვნა, სადაც ასევე არის დადგენილი ხარვეზები, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და რა არ გაკეთდა ამ პროცესში, თუმცა არანაირად არ მიუთითებს ეს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელზეც არის საუბარი „ევროპული საქართველოს“ დასკვნაში. მაგალითად, იქ საუბარი არის იუსტიციის მინისტრის გადადგომაზე, მაშინ როდესაც იუსტიციის მინისტრი როდესაც გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, ერთი კითხვის მეტი ვერ დაუსვეს. როცა ადამიანი მოდის კომისიის სხდომაზე და ერთ კითხვაზე მეტს ვერ უსვამ, ამის მერე მისი გადადგომა როგორ უნდა მოითხოვო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.