ირაკლი კობახიძე - ნინო ლომჯარია არის ბევრად პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტიაც კი, არ მგონია, ვინმესთვის ავტორიტეტი იყოს, მათ შორის ოპოზიციაში
ირაკლი კობახიძე - ნინო ლომჯარია არის ბევრად პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტიაც კი, არ მგონია, ვინმესთვის ავტორიტეტი იყოს, მათ შორის ოპოზიციაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის წესის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, ნინო ლომჯარია არის ბევრად პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტია.

როგორც კობახიძე ამბობს, მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველის შერჩევის შესახებ უპრეცედენტო ინიციატივა წარადგინა.

„გუშინ გამოჩნდა, რომ ნინო ლომჯარია არის ბევრად პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტიაც კი. ეს არის დღესავით ნათელი. ამის მიზეზი რა არის, ყველამ კარგად იცის. სახალხო დამცველის უპრეცედენტო ინიციატივა წარმოვადგინეთ. ეს პროცესი რამდენიმე ფაზად იყოფა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, კანდიდატების შეფასება არასამთავრობო სექტორზეა მინდობილი, თავად კანდიდატების დასახელება კი ოპოზიციაზე. მისივე განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც პროცედურის 80 პროცენტი ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორზეა ჩაბარებული, კრიტიკის საბაბის მოძებნა პოლიტიზებაზე მეტყველებს.

„რაც შეეხება შეფასებას, არასამთავრობო სექტორზეა მინდობილი, კანდიდატების დასახელება – ოპოზიციაზე. ამის იქით, არ ვიცი, სად უნდა წავიდეთ. მაშინ, პარლამენტიდან უნდა წავიდეთ და ამათ ხელისუფლება დავუთმოთ. პროცედურის 80 პროცენტი ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს ჩავაბარეთ. აქაც რომ ცდილობენ, კრიტიკის რაღაც საბაბი მოძებნონ, ეს პოლიტიზებაზე მეტყველებს. არ მგონია, ლომჯარია ვინმესთვის ავტორიტეტი იყოს, მათ შორის ოპოზიციაშიც არ არის ავტორიტეტი. თუ ვინმეს მისი განცხადების გამოყენება პოლიტიკური თამაშისთვის უნდა, შეიძლება, გამოიყენოს“, – აღნიშნა კობახიძემ.