ირაკლი კობახიძე - ნინია კაკაბაძისნაირ კანდიდატს ვერც კი ვინატრებდით, რაც უფრო უღირს და რეპუტაციაშელახულ კანდიდატს ასახელებს ოპოზიცია, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის
ირაკლი კობახიძე - ნინია კაკაბაძისნაირ კანდიდატს ვერც კი ვინატრებდით, რაც უფრო უღირს და რეპუტაციაშელახულ კანდიდატს ასახელებს ოპოზიცია, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის

რაც უფრო უღირს და რეპუტაციაშელახულ კანდიდატს ასახელებს ოპოზიცია, მით უკეთესია მმართველი გუნდისთვის, – ასე გამოეხმაურა პირველ არხთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევას.

კობახიძის განცხადებით, ნინია კაკაბაძისნაირ კანდიდატს ოპოზიციისგან ვერც კი ინატრებდნენ.

„ნინია კაკაბაძისნაირ კანდიდატს ოპოზიციისგან ჩვენ ვერც კი ვინატრებდით. რაც უფრო უღირს და რეპუტაციაშელახულ კანდიდატს ასახელებს ოპოზიცია, მით უკეთესია მმართველი გუნდისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა. მხარდამჭერებს შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და თავად ირაკლი კობახიძეც იყვნენ. ნინია კაკაბაძის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობიდან მხარი დაუჭირეს შემდეგმა დეპუტატებმა – ირაკლი ბერაია; ირაკლი (დაჩი) ბერაია; ანზორ ბოლქვაძე; გიგა ბუკია; ელგუჯა გოცირიძე; გოგა გულორდავა; ცოტნე ზურაბიანი; ედიშერ თოლორაია; რატი იონათამიშვილი; პაატა კვიჟინაძე; სოფიო კილაძე; ირაკლი კობახიძე; კახაბერ კუჭავა; დავით მათიკაშვილი; იოსებ მაკრახიძე; გენადი მარგველაშვილი; ენძელა მაჭავარიანი; გოგი მეშველიანი; გრიგოლ მიქელაძე; ენზელ მკოიანი; დიმიტრი მხეიძე; თამაზ ნავერიანი; კახაბერ ოქრიაშვილი; ანრი ოხანაშვილი; ირინა ფრუიძე; სოფიო ქაცარავა; მიხეილ ყაველაშვილი; გოდერძი ჩანქსელიანი; თამარ ჩუგოშვილი; ზვიად ძიძიგური; ნინო წილოსანი; გიორგი ხატიძე; ზაზა ხუციშვილი; მარიამ ჯაში. კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა და „ევროპული საქართველოს“ ოცმა წარმომადგენელმა.

ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. 23 მარტს პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. მას მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

დღესვე, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვა დაამტკიცა.