ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელიამ, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რასაც სჭირდება ადეკვატური რეაქცია
ნიკანორ მელიამ, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რასაც სჭირდება ადეკვატური რეაქცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პროვოკაცია წინასწარ იყო მომზადებული, რაც ძალიან ნათლად იკითხებოდა.
„ნიკანორ მელია წინასწარ გეგმავს ხოლმე ასეთ პროვოკაციებს და წინასწარ არის ხოლმე მომზადებული. ეს არის დღესავით ნათელი. რაც შეეხება ფიგურანტებს, ნიკანორ მელია ვიცით და დანარჩენი, ვინ რაში მონაწილეობდა, ეს მომავალში გაირკვევა.
რადგან ევროკავშირის ოფისის წინ მოხდა ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ნიკანორ მელიამ ევროკავშირის ელჩს აკადრა ის, რაც გააკეთა გუშინ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ელჩის მხრიდან მყისიერი რეაგირება ამ თემაზე. მით უმეტეს, რომ ისიც არის პასუხისმგებელი მელიას გარეთ ყოფნაზე. ის არის ცნობილი კრიმინალი. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, დანარჩენი, რაც შეეხება იმას, სპექტაკლში ვინ მონაწილეობდა და ვინ არა, ამაზე გამიჭირდება კითხვაზე პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკოსის საქმე არის პოლიტიკის კეთება, მაგრამ კობახიძის თქმით, გუშინ ნიკანორ მელია იმსახურებდა გინებას და მან მიიღო შესაბამისი პასუხი.
ამასთან, კითხვაზე, ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძის აქტივისტების შეკრება იყო თუ არა შეურაცხყოფა, კობახიძემ განაცხადა, რომ შეურაცხყოფაა, როდესაც ევროკავშირის ოფისთან პროვოკაციას აწყობ.
„არავითარ შემთხვევაში. შეურაცხყოფა არის, როდესაც პროვოკაციას აწყობ ევროკავშირის ოფისის წინ. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ისინი მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილი და სურდათ მშვიდობიანად პროტესტის გამოხატვა. ეს არ არის შეურაცხყოფა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ „არ იცის, ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას“.
„მიშა სარჯველაძეს ვეთანხმები იმაში, რომ მყისიერი რეაგირება უნდა ყოფილიყო. რაც ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სამწუხაროა, რომ ეს რეაგირება დღემდე არ მოგვისმენია. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან შეურაცხყოფა ნიკანორ მელიამ, პირველ რიგში, მიაყენა ევროკავშირს, როდესაც მისი ოფისის წინ მოაწყო ასეთი უმძიმესი პროვოკაცია. ამას სჭირდება ადეკვატური რეაქცია. მით უმეტეს, როდესაც სამი საათი იმალებოდა მელია ევროკავშირის ოფისში, ამ ფონზე მით უმეტეს საჭირო იყო ელჩის რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.