ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას მოწოდებას მივესალმები, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს თუ დატოვებს, უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის 
ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას მოწოდებას მივესალმები, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს თუ დატოვებს, უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის 

ნიკა მელიას მოწოდებას მივესალმები. თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ეს უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როცა „ნაცმოძრაობა“ არჩევნებს კიდევ ერთხელ წააგებს, კარგი იქნება, თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ.

„„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში არშემოსვლას ყველანაირად წავახალისებთ. ეს არის აუცილებელი, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული, დემოკრატიული სისტემა. ნიკა მელიას მოწოდებას მივესალმები. შეგვიძლია, მათი არშემოსვლა ყველანაირად წავახალისოთ. 2017 წელს სლოგანი გვქონდა – რაც უფრო ნაკლები „ნაცი“ იქნება, მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს, შიდა კინკლაობაზე, რაც „ნაცმოძრაობაშია“. ბუნებრივია, პრივილეგიებს იყენებენ. უფრო მეტიც, მათ უნდოდათ, ვიცე-სპიკერიც აგვერჩია მათი კვოტით, რათა კიდევ ერთი მანქანა, კაბინეტი მიეღოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იყენებენ მატერიალურ პრივილეგიებს, რაც დაკავშირებულია საპარლამენტო მუშაობასთან, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს აკეთებენ ქვეყნის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში ნიკა მელიას აბსოლუტურად ვეთანხმები“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.