ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამია არის პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას და დღეს საუბრობს სამშობლოს მესიჯებით, ასეთ ფარსს მოსახლეობა არ იყიდის
რეალურად, ოპოზიციისთვის შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ რეიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციაში ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც წარმართავს „ქართული ოცნება“.
„ოპოზიცია დღეს ცდილობს, ისაუბროს იმ გზავნილებით, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის, მაგალითად, გვარამიამ დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაწესდეს რუსეთისთვის სანქციები, ღია უნდა იყოს საქართველო რუსი ტურისტებისთვის. რასაც ჩვენ ვამბობდით ოთხი წლის განმავლობაში, იმის ლაპარაკი მოინდომა უკვე ძალიან გვიან, ახლა, რადიკალურმა ოპოზიციამ. ასეთი გზავნილები ვერ იქნება წარმატებული. ყველას ძალიან კარგად ახსოვს საქართველოში, რას ამბობდნენ ეს ადამიანები გასული ოთხი წლის განმავლობაში. მაგალითად, გვარამია არის პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას და დღეს ის საუბრობს სამშობლოს მესიჯებით. ასეთ ფარსს საქართველოს მოსახლეობა არ იყიდის. ეს ფუჭი მცდელობა, რაღაცნაირად თავადვე ისაუბრონ იმ გზავნილებით, რომლითაც საუბრობდა ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“, არის წარუმატებლობისთვის განწირული“, – განაცხადა პრემიერმა.