ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მთლიანობაში, დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური
ყველამ იცის უკვე, რომ ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ეს თვითონ ევროკომისიამაც აღიარა, როდესაც იანვარში გამოაქვეყნა ქულებით შეფასება, ჩვენ ქულებით წინ ვუსწრებთ როგორც მოლდოვას, ასევე ბოსნიას კიდევ უფრო მეტად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრაქტიკულად, ევროკომისიამ უკვე აღიარა, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი.
„ამ ქვეყნებს მიენიჭათ უკვე კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, პრაქტიკულად, ევროკომისიამ უკვე აღიარა, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის წელს დეკემბერშიც. აქედან გამომდინარე, თუ იქნება ოდნავ ობიექტური მაინც ის გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბერში უნდა გამოიტანოს ევროპულმა საბჭომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, არავითარი განსაკუთრებული ლობირება, წესით, არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, თითოეული ქვეყნის მხარდაჭერას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ასევე, საინტერესო რა არის, რომ 27 ქვეყანა კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა არის საჭირო. ასეთ დროს ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე, რომელსაც შეიძლება, კვლავაც ჰქონდეს ინტერესი, რომ ჩვენ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ძალიან მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის მანიპულირება ევროკავშირში. ნებისმიერი ერთი ქვეყანა შეუძლია, გამოწიოს და ჩვენ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ასეთ პირობებში ნებისმიერი ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერასაც, მათ შორის უნგრეთის მხარდაჭერას ენიჭება, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის. მთლიანობაში ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, დეკემბრის გადაწყვეტილება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გლობალური კონტექსტიც ხელს შეუწყობს ჩვენ სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან.