ირაკლი კობახიძე - ნებისმიერ სახელმწიფოში მთავარ კონსტიტუციურ ორგანოში შეჭრა არის ძალიან მძიმე მოვლენა, რასაც სჭირდება რეაგირება
არანაირი მოლაპარაკება არ სჭირდება იმას, რომ არ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიგი უგულავას განცხადება აღიარებითი ჩვენებაა
„არ მგონია, რომ მოლაპარაკება სჭირდებოდა პარლამენტის შენობაში არშეჭრას. ნებისმიერ სახელმწიფოში მთავარ კონსტიტუციურ ორგანოში შეჭრა არის ძალიან მძიმე მოვლენა, რასაც, ბუნებრივია, სჭირდება რეაგირება. არანაირი მოლაპარაკება არ სჭირდება იმას, რომ არ შეიჭრა პარლამენტის შენობაში. აქედან გამომდინარე, რასაც ამბობს უგულავა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. გიგი უგულავა ამბობს, რომ მოლაპარაკებები რომ შემდგარიყო, გადაიფიქრებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. ეს არის კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება მისი მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა: „მას შემდეგ, რაც წამოვიდა წინადადება მოლაპარაკებაზე, უკვე დაშოშმინებული გვქონდა სიტუაცია. იმის მაგივრად, მოლაპარაკება შემდგარიყო, ივანიშვილმა თუ გახარიამ მიიღეს გადაწყვეტილება, ცეცხლი გაეხსნათ ჩვენთვის, გაზის ტყვიები აეწყოთ და ამის შემდეგ გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები და ხელკეტები“.