ირაკლი კობახიძე - ნატო-ს უნდა ჰქონდეს უფრო პროაქტიული ქმედებებით გამყარებული სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში
2018 წლის ივლისში, ბრიუსელში იმართება ნატო-ს სამიტი, რომელიც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯად უნდა იქცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა, უკვე 10 წელი გავიდა. გასული 10 წლის განმავლობაში კი, საქართველოს მისწრაფებების პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ეტაპობრივად იზრდებოდა ნატო-საქართველოს პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობა.
„დღეს საქართველო უფრო დაცული, მომზადებული და ნაკლებ მოწყვლადია, ვიდრე წინა წლებში. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნატო-ს ყველა წევრ ქვეყანას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს წევრობის გზაზე ხელშესახები და არსებითი პროგრესის ყოველგვარმა შეფერხებამ შეიძლება გააძლიეროს სკეპტიკოსთა პოზიციები და ზიანი მიაყენოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მსგავსი საფრთხე ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს.
„მჯერა, რომ აუცილებელია ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე დაფიქსირდეს არსებითი და ხელშესახები პროგრესი ორგანიზაციაში საქართველოს წევრობის გზაზე. ჩვენი პროგრესის ნათელი გამოვლინება იქნებოდა ჩვენი პროგრესის მხარდამჭერი მკაფიო პოლიტიკური გზავნილები. მათ შორის, სამიტის დეკლარაციაში; საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გასამყარებლად დამატებითი ტექნიკური, ფინანსური თუ სხვა ტიპის პრაქტიკული მხარდაჭერა; მზარდი ერთობლივი სამხედრო წვრთნები; ნატო-ს ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში; ქართული რეფორმების მკაფიოდ მხარდაჭერა და წახალისება“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, ნატო-ს უნდა ჰქონდეს უფრო პროაქტიული ქმედებებით გამყარებული სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში. ამისთვის კი, აუცილებელია იმის გააზრება, რომ ცივი ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოებისთვის საქართველოს მნიშვნელობა არის განსაკუთრებული.
„საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია პარლამენტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი და პრიორიტეტია და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ყველა პარტნიორთან და დაინტერესებულ მხარესთან ჩვენი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.