ირაკლი კობახიძე - ნათელია, რომ პარალელური დათვლის მსგავსად, ხმების ზედმეტობის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ 8-პროცენტიანი მაჩვენებელიც სიყალბეა, რაც ხელოვნურ მანიპულაციაზე ეჭვებს ამძაფრებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაახლოებით ერთი კვირის წინ მოუწოდეს „სამართლიან არჩევნებს“, გამოექვეყნებინათ იმ საარჩევნო უბნების მონაცემები, სადაც, მათი მტკიცებით, ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა.
თუმცა, კობახიძის თქმით, ორგანიზაციას მონაცემები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ სინამდვილეში, სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით, იმ უბნების რაოდენობა, სადაც ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა, ცესკო-ს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე იყო დაახლოებით ერთი პროცენტი, ხოლო დაზუსტების შემდეგ, დაახლოებით, ნახევარი პროცენტი.
კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაცია კიდევ ერთი სიყალბეა.
„კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ყალბ ინიფორმაციას საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობის შესახებ.
ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ მოვუწოდეთ „სამართლიან არჩევნებს“, გამოექვეყნებინათ იმ საარჩევნო უბნების მონაცემები, სადაც მათი მტკიცებით, ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა. ამ მონაცემების გამოქვეყნებას ესაჭიროებოდა ზუსტად ერთი დღე, თუმცა, როგორც ხედავთ, ორგანიზაციას მონაცემები ჯერაც არ გამოუქვეყნებია.
ამას აქვს მარტივი მიზეზი. სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით, იმ უბნების რაოდენობა, სადაც ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა ცესკო-ს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე, იყო დაახლოებით ერთი პროცენტი, ხოლო დაზუსტების შემდეგ, გახდა დაახლოებით ნახევარი პროცენტი.
შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოცხადებული 8%-იანი მაჩვენებელი არის კიდევ ერთი სიყალბე. ამ სიყალბის გადაფარვა მათ მხოლოდ ახალი, მორიგი მანიპულაციით შეეძლოთ, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა ორგანიზაციის ისედაც მძიმედ ხელყოფილ რეპუტაციას.
უკვე ნათელია, რომ პივიტის მსგავსად (პარალელური დათვლა) 8%-იანი მაჩვენებელიც არის უკვე სიყალბე, რაც სამწუხაროდ, ამძაფრებს საფუძვლიან ეჭვებს ხელოვნური მანიპულაციის შესახებ. „სამართლიანი არჩევნები“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც წლების განმავლობაში შეჰქონდა უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.
ღრმად ვართ დარწმუნებული ,რომ ორგანიზაცია ძალიან მალე აღიდგენს ცალკეული პირების მიერ შელახულ რეპუტაციას და კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დემოკრატიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ძალზე მნიშვნელოვანია, 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამ ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ განახორციელოს პარალელური ხმის დათვლა, რაც გახდება საიმედო საზომი არჩევნების სამართლიანობის შეფასებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.