ირაკლი კობახიძე - ნარკოტიკების მოხმარებით ახალგაზრდები დაიღუპნენ, ზუსტად ამას უკავშირდება საპოლიციო ღონისძიება, რომლიც გუშინ შსს-ს მიერ განხორციელდა
ნარკოტიკების მოხმარებით ახალგაზრდები დაიღუპნენ და ზუსტად ამ ყველაფერს უკავშირდება ის საპოლიციო ღონისძიება, რომლიც გუშინ შსს-ს მიერ განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„რაც შეეხება თბილისში უშუალოდ გუშინ და დღეს განვითარებულ მოვლენებს, პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სახელმწიფო სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ მინიჭებული ფუნქცია და ამ ფუნქციიდან გამომდინარე, საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების მიღება.
გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინტერესების დაცვას. ნარკოტიკების რეალიზებასთან დაკავშირებით იყო კონკრეტული ინფორმაცია და ამ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე იმოქმედა შსს-მ. ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა. კლუბებში არაერთხელ მომხდარა ასეთი რამ.
როდესაც არის კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, კონკრეტული ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, განხორციელდეს შესაბამისი საპოლიციო მოქმედებები.
კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და საჭიროა სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის დაცვა და კანონის დაცვა არ არის თვითმიზანი.
იყო არაერთი სამწუხარო შემაშფოთებელი ფაქტი. ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკების მოხმარებით და ზუსტად ამ ყველაფერს უკავშირდება ის საპოლიციო ღონისძიება, რომლიც განხორციელდა გუშინ შსს-ს მიერ. ეს იყო მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე მოქმედებდა შსს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პატივისცემას გამოხატავს ყველა იმ ახალგაზრდის მიმართ, რომელიც რუსთაველზე თავისუფლების იდეით დგას.
„მინდა გამოვხატო პატივისცემა ყველა იმ ახალგაზრდის მიმართ, რომელიც დგას რუსთაველზე თავისუფლების დაცვის იდეით. მინდა, გამოვხატო პატივისცემა შეკრების თავისუფლების მიმართ. ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების საშუალების მინიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.