ირაკლი კობახიძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე აზრთა სხვადასხვაობაა და პოზიციები მალე უნდა შევაჯეროთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიღება საგაზაფხულო სესიაზე უნდა მოხდეს, რათა ის დისკუსია წარმატებით დასრულდეს, რომელიც საზოგადოებაში საკითხზე წარიმართება.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში პოზიციები ჯერ შეჯერებული არ არის.
„ეს პოზიციები ძალიან მალე უნდა შევაჯეროთ. საბოლოო განხილვა ძალიან მალე უნდა დაიწყოს და კანონპროექტი უნდა მივიღოთ, რომელიც საქართველოში ნარკოპოლიტიკას ეხება. ამ კანონპროექტის მიღება ამ სესიის განმავლობაში გვჭირდება, რათა ის დისკუსია საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს, რომელიც საზოგადოებაში წარიმართება. მთავარია, პოზიციების შეჯერება. გუნდის შიგნით დღემდე განსხვავებული მოსაზრებებია, ამიტომ აქაც იგივე სირთულე გვაქვს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. ჩვენ სიღრმისეული არგუმენტები გვჭირდება. ერთხელ უკვე განვაცხადე, რომ სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი მხარისგან არ მომისმენია, რასაც კრიტიკა მოჰყვა, თუმცა შემიძლია, დღესაც იგივე გავიმეორო, რომ არც ერთი და არც მეორე მხარისგან, ვგულისხმობ ლიბერალური მიდგომების მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს, სიღრმისეული არგუმენტები არ მოგვისმენია. გარკვეული ზედაპირული დისკუსიებია, თუმცა მეტი სიღრმე გვჭირდება და ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას უფრო მარტივად მივიღებთ”, – განაცხადა კობახიძემ.