ირაკლი კობახიძე - ნარკოდანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი რომ გახდეს, მინდა, ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, შევიმუშაოთ ერთიანი, განახლებული გეგმა
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი რომ გახდეს, მინდა, ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი, განახლებული გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ნარკოპოლიტიკა არის საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა გასული პერიოდის განმავლობაში, მოხდა რეალიზატორების იდენტიფიცირება, ქსელების იდენტიფიცირება. კიდევ უფრო მეტი არის საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავაც სახეზეა ნარკოტიკების რეალიზაციის, მოხმარების ფაქტები. არის გარკვეული სისტემური მოვლენებიც, რაც ამას უკავშირდება.
არის ასეთი ტერმინი, მათ შორის, დამკვიდრებული – ლიბერალური ნარკოპოლიტიკა. რაც მე ვიტყოდი, რომ არის იმ იდეოლოგიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას. ანუ, ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რასაც, ვფიქრობთ, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება, იყოს მისაღები ჩვენი საზოგადოებისათვის და რომელიც შეიძლება, წაადგეს ჩვენს საზოგადოებას“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, საჭიროა მომხმარებლებზე ზრუნვა, რათა მათ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი თქვან.
„შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკები ანადგურებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ანადგურებს ღირებულებებსაც და ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში განადგურდეს ღირებულებები, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ. ერთი პერიოდი ამ ადამიანებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას ამ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით, თუმცა ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. მგონია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.
რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე. ჩვენ გვჭირდება, პირიქით, ზრუნვა მომხმარებლებზე, რათა მათ უარი ვათქმევინოთ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. თუმცა, რაც შეეხება რეალიზაციას, რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე. ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა.
ასევე ყურადღება არის მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე, ამას ცალკე უნდა გაესვას ხაზი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.