ირაკლი კობახიძე - „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დღეში რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა, რაც ნიშნავს, რომ მას ძლიერი დამფინანსებლები ჰყავს
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დღეში რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა, რაც ნიშნავს, რომ მას ძლიერი დამფინანსებლები ჰყავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ასეთ დროს ფინანსური გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.
„დღეში რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას.
რა თქმა უნდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ფინანსური გამჭვირვალობა, თუმცა იცით, რომ აქციის ორგანიზატორებმა უარი თქვეს ამ თანხების დეკლარირებაზე, რაც არასწორია და დამატებით ეჭვებს ამძაფრებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, იყო მცდელობა, რომ აქციას დესტრუქციული სახე მიეღო.
„ზოგადად, იყო მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო დესტრუქციულ ქმედებებში. კარგია, რომ თბილისში ე.წ. პარალიზების მცდელობას აღარ ჰქონდა ადგილი. ეს იყო რაციონალური გადაწყვეტილება, იმედია, ასეთივე რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის ორგანიზატორები ამ შემთხვევაშიც“, – აღნიშნა კობახიძემ.