ირაკლი კობახიძე - ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან ერთად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვმსჯელობდეთ, გვიწევს უაზრო დაპირისპირებაში დროის კარგვა
შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ძალიან სწორი მინიშნებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას: „დანიელსონმა გააკეთა აქცენტი, რომ ახლა მთავარი არის რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევა, კოვიდპანდემიასთან ბრძოლა და ეს პროცესი უნდა დასრულდეს. როგორ უნდა გავიგოთ, რისი მოლოდინი ჰქონდა მას ამ პროცესიდან, თქვენი, თუ ოპოზიციის მხრიდან დათმობის?“.
კობახიძის თქმით, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს კონცენტრირებული პრობლემების დაძლევაზე და ამაზე მუდმივად მიანიშნებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
„ეს ძალიან სწორი მინიშნებაა, შემიძლია, ეს გითხრათ. ზოგადად, ხომ არის რთული ვითარება, მთლიანად მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში, რაც მათ შორის არის დაკავშირებული პანდემიასთან, რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან. ბუნებრივია, განსაკუთრებული პრობლემა არის პანდემია, რასაც უკავშირდება მათ შორის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. დღეს, ბუნებრივია, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს კონცენტრირებული ამ პრობლემების დაძლევაზე და ამაზე მიგვანიშნებენ ჩვენ მუდმივად არა მხოლოდ ეს ელჩები, არამედ ყველა ჩვენი საერთაშორისო პაარტნიორი. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული ვიყოთ ოპოზიციასთან ერთად იმ საკითხებზე ფიქრით და მსჯელობით, რაც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, გვიწევს ამ უაზრო დაპირისპირებაში, ხელოვნურ კრიზისში რაღაცებზე საუბარი, დროს კარგავს მაგალითად, იგივე პრემიერი ამ უაზრი პროცესებით, დროს კარგავს პარლამენტის თავმჯდომარე, დროს კარგავენ პოლიტიკოსები, მათ შორის ოპოზიციონერები, ნაცვლად იმისა, რომ ყველა იყოს კონცენტრირებული ეკონიმიური, სოციალური და საგარეო პოლიტიკური საკითხების უკეთ მოწესრიგებაზე. ამის მაგივრად ჩვენ გვიწევს რაღაც უაზრობაზე დროის დახარჯვა, ამით დაიღალა რა თქმა უნდა საზოგადოება და ეს პროცესი, ბუნებრივია, უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.