ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, ის აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას და ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე ჩვენ არ მივალთ
„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. მით უმეტეს, რომ ის აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 13 დეკემბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ორბელიანების სასახლეში უნდა გაიმართოს.
კობახიძის თქმით, ხელისუფლების წევრები ღონისძიებაზე არ მივლენ.
„ამ დღეებში ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ. ეს არ არის ჩვენი საქმე მისი პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერავინ ათქმევინა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე, ხომ გასაგებია ჩვენი პოზიცია“, – აღნიშნა კობახიძემ.
13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას გამართავს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „ჩვენი ხმა ევროპას“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. ამასთან, ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები. „ეს არის ის კონსენსუსი, დეპოლარიზაცია და ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება, რათა ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.