ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს, რაც პარტიის შიგნით სერიოზულ განხეთქილებაზე მეტყველებს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს.
კობახიძის თქმით, ადვოკატების მხრიდან ტაქტიკური მანევრი გასაგებია, თუმცა საინტერესო ისაა, რატომ გათქვა საიდუმლოება ნიკანორ მელიამ.
„ისინი (ადვოკატები) საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე. არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ისაა, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაციაა „ნაცმოძრაობის შიგნით“, ფორმალურმა თავმჯდომარემ თვითონ გათქვა ეს საიდუმლო, შესაბამისად, ბუნებრივია, დასკვნები მარტივია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად მიეცემა მიხეილ სააკაშვილს საშუალება, უცხოეთის კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა, კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოება ამ ყველაფერზე საუბრით დაიღალა.
„საქართველოში არის 9 500 პატიმარი, 9 500 პატიმარი იხდის სასჯელს და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ უაზრო საუბრით ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს“. მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე. ადვოკატების განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკისგან და „ნაციონალურ მოძრაობისგან“ ჩამოშორებას აპირებს, ნიკა მელიამ დაცვის მხარის სტრატეგიას უწოდა. „სააკაშვილის დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.