ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობაშიც“ არიან ადამიანები, რომელთაც რამდენიმე მილიონი აქვთ დახარჯული არჩევნებზე და მათ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს ამ არჩევნებში დახარჯული და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციურ სპექტრში არის სხვადასხვა ინტერესები, რაც საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებს უბიძგებს, რომ პარლამენტში შევიდნენ.
„საბოლოო ჯამში, თვითონ ძალიან კარგად იციან, რა არის მათი შედეგი. მაგალითად, როდესაც საუბარია „ევროპულ საქართველოზე“. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ წინა არჩევნებთან შედარებით დაკარგა ასი ათასი ხმა. ამით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღიარა ის შედეგი, რომელიც დაფიქსირდა. ახლა შეიძლება შეატრიალოს საუბარი, მაგრამ ეს ნათქვამი აქვს. ასევე სხვა პარტიებმაც კარგად იციან რომ აღებული აქვთ ერთი პროცენტი და ა.შ. მათ კარგად იციან არჩევნების მონაცემები და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მათ მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ პარტიებს აქვთ განსხვავებული პოზიციები, კონკრეტული პარტიების შიგნითაც არიან ადამიანები, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს ამ არჩევნებში დახარჯული და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა. არის უამრავი განსხვავებული ინტერესი, რომელიც ფულის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, რეალობის აღქმასთანაც და ა.შ. არის სხვადასხვა ინტერესები, რაც საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებს უბიძგებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.